
„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის, ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს 3000-3000 ლარის გირაო შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.
26 წლის საბა მინდიაშვილსა და 39 წლის ლევან ზარდიაშვილს ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთებისას პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა, რომ „მომატებულია საფრთხე მორიგი ახალი დანაშაულის ჩადენისა, ვინაიდან ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ [„პუბლიკის“ ჟურნალისტები] ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, რა დროსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რის გამოც ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისა“.
პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ზარდიაშვილის ნასამართლეობაზე:
„იგი ნასამართლევია სხვა განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახი ხასიათის დანაშაული და ამ პირობებში კიდევ უფრო მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – თქვა პროკურორმა.
გამყრელიძემ ისაუბრა სხვა ფორმალურ საფუძვლებზეც – მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზეც.
პროკურატურის პოზიციის საპასუხოდ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლეს თანხის შემცირება და გადახდის ვადის გაზრდა სთხოვეს [პროკურატურა 20 დღეს მოითხოვდა].
ქეთო მიქაძის ეპიზოდზე ბრალდებულმა ლევან ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ არის დროებით უმუშევარი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი და „არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს 3000 ლარი“. მან სასამართლოს შეღავათის გაწევა სთხოვა.
ალექსანდრე ქეშელაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულმა საბა მინდიაშვილმა კი მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამგეობაში მუშაობს.
„წეღან ვუთხარი [პროკურორს], რომ ქორწილი მაქვს-მეთქი და თუ დამეთანხმება, რომ დამიკლოს გირაოს თანხა, გამიხარდება… გამგეობის თანამშრომელი ვარ“, – თქვა საბა მინდიაშვილმა.
პროკურორი გირაოს თანხის შემცირებას არ დაეთანხმა. საბოლოოდ მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ბრალდებულებს გირაოს სახით 3000-3000 ლარი შეუფარდა და გადასახდელად 40 დღე განუსაზღვრა.
წინასასამართლო სხდომის თარიღად 16 აპრილი, 16:00 განისაზღვრა.
ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი.
იმ დროისთვის უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. თბილისში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე სამი მოწმე უნდა დაიკითხოს.
მათ შორის არის მამუკა ბაღდავაძე, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაუმალა, იმის შესახებ რომ სწორედ მისი დახმარებით ცდილობდა ქილერი, ჯოხაძესთან კონტაქტზე გასვლას.
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
ადვოკატის თქმით, მამუკა ბაღდავაძე ჩვენების მიცემისთვის მზად არის, თუმცა არა დღეს.
დღეს უნდა გამოიკითხოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტს, დავით მიქაძეს, დაცვის უფორსი, დავით ჩუბინიძე.
გამოძიების ინფორმაციით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
სასამართლოში მივა დედექტივი, რომელმაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ საქმეში.
საქალაქო სასამართლოსთან უსაფრთხოების ზომებს ისევ ამკაცრებენ, რადგან მხარეებს შორის შესაძლო დაპირისპირება აიცილონ თავიდან.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს ასევე ნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოში დავა დასრულებულია და მზია ამაღლობელის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე
მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. კერძოდ, პროკურატურა მოითხოვდა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას.
საიას ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ორი საჩივარი აქვს გაგზავნილი.
ერთი საჩივარი მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობასთან დაკავშირებულ დარღვევებს შეეხება. ამ საქმეზე საიამ ევროსასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა.
წერილობითი პოზიცია წარადგინა ასევე საქართველოს მთავრობამაც, რომელიც დარღვევებს არ აღიარებს და მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, ისევე, როგორც მისი განგრძობადი წინასწარი პატიმრობა, იყო კონვენციურ ვალდებულებებთან შესაბამისი.
მეორე საქმე შეეხება ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბერს მიმართეს ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე სტიკერის „გაიფიცე საქართველო“ გაკვრის გამო. მოგვიანებით შსს-მ ადმინისტრაციული დაკავება პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით გააფორმა.
ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მზია ამაღლობელი ხელმეორედ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

47 წლის ქმრის ბურუსით მოცული სიკვდილის საქმის გამოძიებას ხათუნა წიკლაური ერთი წელია, ითხოვს. ორი შვილის დედა, რომლის ოჯახიც ერთადეღტი მარჩენალის გარეშე დარჩა, ფიქრობს, რომ მისი ქმრის სავარაუდო მკვლელობის საქმის ჩაფარცხვაში მთელი სისტემაა ჩართული. ამ საქმის ფიგურანტები წიკლაურის თქმით, საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები არიან.
ხათუნა წიკლაურის ოჯახში ტრაგედია 2025 წლის 16 აპრილს დატრიალდა. ქალი ამბობს, რომ იმ დღეს 47 წლის თარაშ ბექაური, რომელიც ავტო ხელოსანი იყო, სახლიდან საღამოს 9 საათზე მეგობრის სანახავად გავიდა და სახლთან ახლოს, აეროპორტის დასახლებაში მისივე ავტოსახელოსნოში შეხვდა. რამდენიმე საათში კი ცოლს დაურეკა, უთხრა, რომ ალკოჰოლი დალია, საჭესთან ვერ დაჯდებოდა და სახლში წაეყვანა. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ წიკლაურის თქმით, კავშირი გაწყდა.
საბოლოოდ, თარაშ ბექაურის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
ცოლის თქმით, თარაშ ბექაური ტანს ზემოთ შიშველი იყო და მის ცხედარს სახეზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ფაქტზე გლდანი ნაძალადევის პოლიციამ იმავე დღეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.
წიკლაურის თქმით, პოლიციელები ოჯახს უმტკიცებდბდნენ, რომ 47 წლის კაცი 16 აპრილს ნასვამ მდგომარეობაში საჭეს მართავდა, აეროპორტის დასახლებაში საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომობილი ჩამომართვა, თუმცა სამხრე კამერების ჩანაწერებში მეუღლის მტკიცებით სულ სხვა რეალობა ჩანს.
ბექაურის გარდაცვალების ფაქტს საეჭვოს ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებებიც ხდის. ოფიციალური ვერსიით, ის ამ არხში გადავიდა და დინებამ თბილისის ზღვამდე რამდენიმე კილომეტრით ათრია. თუ პოლიციის ვერსია რეალურია მაშინ ბექაურის ცხედარს დაზიანებები მთელს სხეულზე მინიმუმ ნაკაწრები მაინც უნდა ჰქონოდა მიყენებული, თუცმა მას დაზიანება მხოლოდ თავის და სახის არეში ჰქონდა.
ცოლი დარწმუნებულია, რომ -მისი ქმარი მოკლეს და კვალია დაფარვის მიზნით ზღვაში გაადაგდეს. ამ ვერსიას ოჯახს მისი ავტომობილიდან გამქრალი ფული და დოკუმენტები უმყარებს.
ხათუნა წიკლაური მკვლელობაში ბრალდებულების გამოვლენას და საპატრულო პოლციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა! – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს.
გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
რა წერია რომეო ტყეშელაშვილის განაჩენში?
„სასამართლო თვლის, რომ ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი”, – წერია გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.
საქმის სამართლებრივ შეფასებაში მოსამართლე აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
მოსამართლე აღნიშნავს იმასაც, რომ სასამართლო არ იზიარებს ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
განაჩენში სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.
2026.2.24 „ალიევის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური, რაც გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას” – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა

„ინსაფ ალიევის მიმართ წარდგენილი ბრალი, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, არ ეფუძნება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივად დამაჯერებელ საფუძვლებს”, – ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში ინსაფ ალიევის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განაცხადა. მან დასკვნითი სიტყვა თქვა.
მისი თქმით, საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებისა და ბრალდების მხარის მოქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ალიევის მხრიდან ორგანიზებულ ქმედებაში მონაწილეობას დაასტურებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი – 2025 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კასრაძე-კაძელაშვილისა და ცეცხლაძის ნაწილში არ დაადგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როგორც ამას ბრალდების მხარე მოითხოვდა. მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაზე და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმეზე ბრალდებულ 5 პირს კი (ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე და ირაკლი მიმინოშვილი) 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.
რას ამბობს ადვოკატი დასკვნით სიტყვაში?
აიჰან ჰასანლის თქმით, განაჩენში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რა სახის შეთანხმება არსებობდა, როდის და როგორ მოხდა ეს შეთანხმება, ვინ ითამაშა ორგანიზატორის როლი, და ასევე, ვინ და როდის მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით.
გარდა ამისა, მისივე თქმით, გაურკვეველია, კონკრეტულად რა დააორგანიზეს ვასილ კაძელაშვილმა, ვეფხია კასრაძემ და ზვიად ცეცხლაძემ. თუ მათი მოქმედებები სინქრონიზებული იყო, აუცილებელია განმარყტება – რამდენი ჯგუფი მოქმედებდა? ვინ რაში მონაწილეობდა ? და რა კონკრეტული წვლილი მიუძღოდა თითოეულ პირს?
ადვოკატი ამბობს, რომ სახეზე არც არის რაიმე სახის ჯგუფი. შესაბამისად, ინსაფ ალიევი ვერც მიიღებდა ამ ჯგუფში მონაწილეობას.
„სასამართლოს მსჯელობა წარმოდგენილია ჰიპოთეზურად, ზოგად ფორმაში და არ ემყარება ფაქტობრივად დადასტურებულ გარემოებებს.
საქმის მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ინსაფ ალიევი იცნობდა სისხლის სამართლის საქმეში ორგანიზატორებად ნახსენებ პირებს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს. არ იკვეთება რაიმე სახის წინასწარი ნაცნობობა ან კონტაქტი ბრალში ნახსენებ ე.წ. ორგანიზატორებთან, ხელმძღვანელებთან ან სხვა მსჯავრდებულებთან.
არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ალიევს რაიმე კომუნიკაცია ჰქონია სხვა მსჯავრდებულებთან. არც სატელეფონო ზარები, არც შეტყობინებები, არც პირადი ან საჯარო კომუნიკაცია არ არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული კონტაქტის ფაქტი.
ამის დასამტკიცებლად შესაძლებელი იყო მობილური ტელეფონის ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება ან მის ანძებთან დაკავშირებული ამონაწერების გამოთხოვა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, კონტაქტისა და კავშირის არარსებობა შექმნის გონივრულ ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც სასამართლომ უგულებელყო”, – აცხადებს ადვიკატი.
ადვოკატი დამატებით გარემოებასაც გამოყოფს და ამბობს, რომ ალიევი ქართულ ენას არ ფლობს და ვერც გაიგებდა ე.წ. ორგანიზატორის ვიდეომიმართვის შინაარსს.
„თავად მოწმე-პოლიციელმა მხოლოდ ვარაუდის დონეზე დაასახელა შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ შეიძლება უთარგმნა მას, მაგრამ ასეთი პირი საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს და არც მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი”, – აცხადებს ადვოკატი.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით მიხედვით, ინსაფ ალიევის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური, განხორციელებული ინდივიდუალურად, სხვებისგან იზოლირებულად. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, მისი თქმით, როდესაც ქმედება ხდება სპონტანურად, კონკრეტულ სიტუაციაზე რეაგირებით, ეს გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას. „ზუსტად ეს მოცემულობა გვაქვს ალიევის შემთხვევაში”, – ამბობს ის.
საქმეში არსებული ვიდეოები
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა გარემოებები, რომ ვიდეოჩანაწერებში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კომუნიკაცია სხვა პირებთან, რომ ის იღებდა ან გასცემდა რაიმე მითითებებს, არ არსებობს შეთანხმებული ან კოორდინირებული მოქმედების ნიშნები, და არ ფიქსირდება კომუნიკაციის არც ერთი საშუალების გამოყენების ფაქტი.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ვიდეომასალა ვერ ადასტურებს ინსაფ ალიევის მონაწილეობას ორგანიზებულ ქმედებაში.
„გარდა ამისა, არც ერთ ვიდეოში არ ფიქსირდება პიროვნების ან ქონების დაზიანების ფაქტი. პირიქით, ვიდეოჩანაწერებში ჩანს ინდივიდუალური და სპონტანური მოქმედებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება კოორდინირებული ან წინასწარ დაგეგმილი ქმედებების არსებობას.
არც ერთ ჩანაწერში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კოორდინაცია ან ურთიერთქმედება სხვა პირებთან. შესაბამისად, წარდგენილი ვიდეომტკიცებულებები რეალურად არ ამყარებს ბრალდების მხარის ვერსიას, არამედ, პირიქით, ადასტურებს და აძლიერებს დაცვის მხარის პოზიციას. ისინი მიანიშნებს, რომ მსჯავრდებულები მოქმედებდნენ სპონტანურად, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, და არა როგორც ორგანიზებული ჯგუფი”, – ამბობს ის.
აიჰან ჰასანლის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ინსაფ ალიევმა გამოიყენა იარაღი, რომელსაც ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი – „ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ექსპერტიზა საგანთან დაკავშირებით, არ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება. შესაბამისად, ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია დადგენა, იყო თუ არა საგანი მძიმე და შეეძლო თუ არა საფრთხის შექმნა”.
რატომ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?
დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ განაჩენი არ შეიცავს სათანადო და დამაჯერებელ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ ინსაფ ალიევის ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და რატომ სცნო ისინი სისხლის სამართლის დამნაშავედ.
„არ არის განსაზღვრული და დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმებით გადაამეტა ალიევის ქმედებამ იმ ზღვარს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის გარჩევას განსაზღვრავს. აღნიშნული ზღვარის გაწყვეტის გარეშე შეუძლებელია დასაბუთებულად ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არა ადმინისტრაციული”, – ამბობს ის.
2026.2.23 რა უთქვამს წარსულში მოსამართლე თამარ მახარობლიძეს იმ პირებზე, ვის საქმესაც დღეს განიხილავს
„მოსამართლე თამარ მახარობლიძე ვერ უზრუნველყოფს საქმის ობიექტურ, მიუკერძოებელ განხილვას მის მიერ წარსულში საჯაროდ გამოთქმული აშკარა პოლიტიკურად მოტივირებული და ბრალდებულთა მიმართ ნეგატიური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული მოსაზრებების გამო“, – ე.წ. სატობაჟის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
პროცესზე შუამდგომლობა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ წარადგინა.
მისივე თქმით, მოსამართლის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები იყო განგრძობითი და ცალკეულ შემთხვევებში გამოიხატებოდა ბრალდებულების მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის სახითაც კი.
შუამდგომლობას ადვოკატმა დაურთო საჯარო წყაროებიდან მოპოვებული განცხადებების ლინკები და თქვა, რომ აღნიშნული მიუთითებს საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის მიკერძოებაზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, რომელსაც წარმოადგენენ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები.
„მხარის დაშვება, რომ მოსამართლე უუნარაო სისხლის სამართლის საქმე განიხილოს მიუკერძოებლად და ობიექტურად, არსებითად ეყრდნობა მოსამართლისვე გაცხადებულ პოლიტიკურ მიკერძოებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მიმართ და მეორე მხრივ, აშკარა, მკვეთრ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებისა და მათი პოლიტიკური შეხედულებების, შესაბამისად, საქმიანობის მიმართ.
საგულისხმოა, მინიმუმ ორ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა და პირდაპირი დარღვევა, ნიკა გვარამიას მიმართ, ხოლო, მეორე შემთხვევაში თავდასხმა სასამართლოში დაცვის მხარეზე, გიორგი რურუას საქმის შემთხვევაში და დაცვის მხარის სტრატეგიის შეფასება პოლიტიკურ ცირკად”, – განაცხადა ფურცელაძემ.
ომარ ფურცელაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სტატიები არაა სრული ჩამონათვალი თამარ მახარობლიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, რომელსაც პოლიტიკური და ბრალდებულების მადიკრედიტირებელი ხასიათი ჰქონდა.
„ინტერნეტჟურნალ NSP.GE-ზე იძებნება 2019 წლის 12 მაისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „თამარ მახარობლიძე: გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემებად დასახელებით გვარამია საკუთარი ქმედების გადაფარვას ცდილობს”, სადაც მოყვანილია თამარ მახარობლიძის ციტატა სოციალური ქსელიდან, შემდეგი შინაარსით:
„გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – ეს ის საკითხებია, რომლებსაც რ2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრობლემებად ასახელებს. ამით იგი ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე”.
ინტერნეტჟურნალ ON.GO.GE -ზე იძებნება 2020 წლის 09 ივლისის სტატია სათაურით: „თამარ მახარობლიძე – საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოხვდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს“.
ამავე სტატიის ტექსტი იწყება შემდეგი წინადადებით: „საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოვხდება, რადგან ამისთვის არცერთი პირობა არ არსებობს” – ასე ეხმიანება ექსპერტი თამარ მახარობლიძე ოპოზიციის განცხადებებს“.
ტექსტი გრძელდება ჩანაწერით: „მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ა.შ. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი ბოლო წლების განმავლობაში იყო და არის ძალიან მჭიდრო და მომავალშიც ასე გაგრძელდება”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტპლატფორმაზე, იძებნება სტატია დათარიღებული 06.06.2019 წლით, სათაურით: „თამარ მახარობლიძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა“.
ხოლო, სტატიის ტექსტში ვკითხულობთ: „ეს ყოველივე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული.“
სტატიის თანახმად, კვლავ აგრძელებს თამარ მახარობლიძე და ამბობს: „ე.წ. რეზოლუციის პროექტის ავტორები, ისე, რომ ერთ ფაქტზეც არ მიუთითებენ, სრულად უგულვებელყოფენ ყველა ამ საერთაშორისო კვლევას და ამ პრესტიჟული ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ ცდილობენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ დაიჩრდილოს „ქართული ოცნების“ უდიდესი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარი – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს“.
მედიაჰოლდინგ „კვირას” პლატფორმაზე გამოქვეყნებულია სტატია დათარიღებული 2019 წლის 28 ნოემბრით სათაურით: „თამარ მახარობლიძე: დემოკრატიის პრინციპზე მიუთითებს, ჩაგდებული ინიციატივაც, რომელმაც დაგვანახა, რომ გუნდი არ იმართება ერთპიროვნულად“.
სტატიის ტექსტით ასევე ვარკვევთ თამარ მახარობლიძის მოსაზრებას „ქართულ ოცნებასთან”, „ქართული ოცნების” ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და მათ მიერ განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან, მათ შორის, გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით, კერძოდ:
„თუმცა, ვერანაირ პრინციპზე თუ ლოგიკაზე მიგვანიშნებს ოპოზიციის ქმედებები. მათ იციან, რომ ხელისუფლებაში ვერცერთი საარჩევნო სისტემით ვერ დაბრუნდებიან. უსამართლოს ეძახიან იმას, რასაც სამართლიანად თვლიდნენ მათი მმართველობის პერიოდში. ნათელია, რომ საარჩევნო სისტემა არც მაშინ და არც ახლა არადემოკრატიული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული არჩევნების პრობლემა მმართველობის ძალადობრივი ბუნება იყო, რაც ამჟამინდელ რეალობაში გამორიცხულია. ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია მხოლოდ დაბრალება, სიცრუე, სტაბილიზაციის მოშლა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებიც კი. მათი მოთხოვნების შესრულება წინასწარვე შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა, მოთხოვნის მიზანიც ხომ მხოლოდ ხელოვნური დაძაბულობის შექმნაა.”
ინტერნეტჟურნალ for.ge – ზე იძებნება სტატია დათარიღებულია 2020 წლის 17 ივნისით, სათაურით: „თამარ მახარობლიძე: რურუას საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ. დაცვის მხარეს დასაკითხად ნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც შეხება არ აქვთ საქმესთან“.
ხოლო, ტექსტში ვკითხულობთ: ექსპერტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დღეს, გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის მიერ დაბარებული მოწმეების დაკითხვას ეხმიანება. მისი თქმით, გიორგი რურუას ბრალდების საქმე ოპოზიციამ საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკურ შოუდ.
„ნაცვლად იმისა, რომ დაცვის მხარე არგუმენტებით ცდილობდეს პროკურატურის ბრალდების გაბათილებას, დღეს დასაკითხადნაცმოძრაობის ლიდერები მიჰყავს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ საქმესთან. ცხადია, მათი მიზანი არის პოლიტიკური ცირკის მოწყობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებივ განწყობას, რომ სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად რურუამ ეს დანაშაულიც ჩაიდინა”, – წერს ადვოკატი შუამდგომლობაში.
ომარ ფურცელაძემ მოსამართლის აცილების სამართლებრივ დასაბუთებაზეც ისაუბრა, ასევე მოიყვანა მაგალითები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწვეტილებებიდანაც.
ბოლოს კი აღნიშნა, რომ აღწერილი გარემოებები ქმნის ყველა ობიექტურ სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ მახარობლიძის მიერ დავის განხილვის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება, ვერ შექმნის სარმწუნოობისა და მიუკერძოებლობის იმ სტანდარტს, რომელიც მართლმსაჯულების, მათ შორის, სასამართლოს ინსტიტუციური რეპუტაციის ინტერესს მოემსახურება.
მისივე თქმით, არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ თუნდაც მოსამართლის სტატუსის მოპოვებამდე თამარ მახარობლიძის საჯაროდ გამოთქმული მკვეთრი ნეგატიური, განგრძობადი და განმეორებითი ხასიათის მადისკრედიტირებელი დამოკიდებულებები ბრალდებულთა მიმართ, გავლენას მოახდეს არამხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, არამედ, შეუძლებელს გახდის სასამართლო განხილვის წარმოებას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხით სასამართლო სხდომის დარბაზში.
„ყოველივე აღნიშნული ერთად, ქმნის აბსოლუტურ საფუძველს, დასკვნისა, რომ თამარ მახარობლიძის მიერ აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ჯამურად, ემსახურება, არამხოლოდ კერძო განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებულების ინტერესებს, არამედ, ქართული მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ინსტიტუციურ ინტერესს და წარმოადგენს ერთადერთ, უალტერნატივო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.
თამარ მახარობლიძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ის ადასტურებს, რომ განცხადებები მისია, თუმცა, აღნიშნა, რომ იმ დროს მოსამართლე არ იყო და არ ყოფილა შეზღუდული, მოსაზრებები გამოეთქვა.
როგორც მახარობლიძემ აღნიშნა, მოსამართლე 2024 წლიდან არის. მისი აზრით, მანამდე გაკეთებული განცხადებები მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
ვინ არის მოსამართლე თამარ მახარობლიძე?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით:
ის 2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
მანამდე, 2024-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2015-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი.
ასწავლის/ასწალიდან რამდენიმე უნივერსიტეტში.
ინტერნეტსივრცეში რამდენიმე წლის წინ გავრცელებულ განცხადებებში ის ხშირად მოიხსენიება, როგორც ექსპერტი.
2026.2.17 ნინო ჟვანია: “ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა. ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა”
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედა, ნინო ჟვანია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. ჟვანია უარყოფს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მისი შვილის მონაწილეობას და აცხადებს, რომ “მეორე ტრაგედიაა ადამიანისთვის ასეთი რამის დაბრალება”
“ძალიან მოულოდნელი იყო ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი — დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე — ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი,” — განაცხადა ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ IPN-თან საუბრისას.
დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებით სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალი წარედგინა — მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინათ
ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელიც ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილია, წარსულშიც ნასამართლევია. 2020 წლის 2 აგვისტოს ჟვანიამ, მის ბიზნეს-პარტნიორს, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ სამი წლიდან მსჯავრდებულმა 1,5 წელი საპატიმროში მოიხადა, დანარჩენი — პირობითი სასჯელის სახით.
2021 წლის 15 სექტემბერს, 22 წლის ნიკო კვარაცხელია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. თავდამსხმელმა ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერ ესროლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან — მათ სასამართლომ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელიას ოჯახს დღემდე არ სჯეროდა გამოძიების ამ ვერსიის და ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთ პირს სახელმწიფო მფარველობდა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
გამოძიების ცნობით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი წარსულში სანდრო წივწივაძის სახელზე იყო რეგისტრირებული. სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განხორციელებულ მკვლელობასთან და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობილია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ 5 პირი – დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.

“პუბლიკას” ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყება მსჯავრდებულებს ციხეში ბანქოს თამაშს ედავება.
პროკურატურამ მსჯავრდებულებს ბრალი სსკ-ის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას ითვალისწინებს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საუბარია მუყაოს ფურცლებისგან დამზადებულ თვითნაკეთ ბანქოზე, რომელიც საკანში მყოფმა სხვა მსჯავრდებულმა დაამზადა, ხოლო დანარჩენი სამი — “ციხეში აკრძალული ნივთით სარგებლობდა”.
ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას განცახდებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ისთვის გასაგებ ენაზე პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების სია არ ჰქონდა მიწოდებული. არც ერთი მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.
მსჯავრდებულები ამ დროისთვის სასჯელს იხდიან:
•ანტონ ჩეჩინი — რუსი აქტივისტი, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
•არტემ გრიბული — დააკავეს მის მეუღლესთან, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით და 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ანასტასია ზინოვკინაც ანტონ ჩეჩინის მსგავსად რუსი აქტივისტია.
•სერგეი კუხარჩუკი — დააკავეს 2024 წლის ნოემბრის პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის. მას ჯგუფური ძალადობა ედებოდა ბრალად და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ასევე იხილეთ:
•ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
x1200

პოლიციამ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა კაცი, რომელსაც თან ცივი იარაღი ჰქონდა და თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა.
თვითმხილველების თქმით, კაცი აგრესიულად იყო განწყობილი. მის დაკავებას ფორმულას შსს-ში უდასტურებენ.
დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

发表回复